საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამას მეათედ გამოაცხადა და პროგრამაში გარკვეული სიახლეები შეიტანა.
150 000 ლარინი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში მონაწილეობის პირობები იცვლება და დაინტერესებულ პირებს 15 თებერვლიდან საშუალება ეძლევათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარადგინონ ბიზნეს იდეა, რომელთა შეფასებას განახორციელებს კონტრაქტორი კომპანია და წინასწარ შერჩეულ 150 სტარტაპს გადაამზადებს ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით.
შემდგომი საფეხური მოიცავს პორტალზე აპლიკაციის სრულყოფილ შევსებას, რომელიც გულისხმობს პროექტის ბიუჯეტს, აქტივობების გეგმას, ფინანსურ პროგნოზსა და ინფორმაციას გუნდის შესახებ. განაცხადების შეფასებას განახორციელებენ საერთაშორისო ექსპერტები და შეფასდებიან, როგორც ქულების სისტემით, ასევე გასაუბრებით, რომლის შედეგად გამოვლინდება 50 ფინალისტი. ისინი გაივლიან 5 დღიან გადამზადების პროგრამას ე.წ. „ქოუჩინგს“, რათა მოემზადონ საინვესტიციო კომიტეტის წინაშე პროექტის პრეზენტაციისთვის. გამარჯვებულ სტარტაპებს საერთაშორისო საინვესტიციო კომიტეტი გამოავლენს, თითოეული მათგანი 150 000 ლარამდე ოდენობის გრანტს მიიღებს.