in

ტრადიციული ქართული კულტურის შერწყმა თანამედროვე დიზაინთან: გოგორას ახლებური ხედვა საბავშვო სათამაშოებისა და ავეჯის ქართულ ინდუსტრიაში

დღევანდელ მსოფლიოში, სადაც გარემოს დეგრადაცია და სოციალური უთანასწორობა მთავარი გამოწვევაა, იზრდება მოთხოვნა მდგრად და სოციალურად პასუხისმგებელ პროდუქტებზე. კომპანიები, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ გარემოსდაცვით მდგრადობას და სოციალურ პასუხისმგებლობას, არა მხოლოდ ხელს უწყობენ პლანეტისა და მისი მაცხოვრებლების კეთილდღეობას, არამედ იძენენ კონკურენტულ უპირატესობას ბაზარზე. გლობალიზაციის პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია ეროვნული იდენტობის საკითხი. როგორ შევინარჩუნოთ საკუთარი იდენტობა, როგორ გამოვიყენოთ თანამედროვე ინდუსტრიებში, რა გზებით შევქმნათ საერთაშორისო ბაზრისთვის საინტერესო პროდუქტი და როგორ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა თანამედროვე მსოფლიოსთვის ჩვენი კულტურული მატერიალური და არამატერიალური კულტურის გასაცნობად. 

დასავლეთ საქართველოს მთიანი აჭარის რეგიონში დაფუძნებული ხის სათამაშოებისა და საბავშვო ავეჯის მწარმოებელი კომპანია გოგორა ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა. ეკოლოგიურად სუფთა წარმოების, ტრადიციული ქართული კულტურისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი ერთგულებით გოგორა ადგენს ახალ სტანდარტს მდგრადი და სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნეს პრაქტიკისთვის.

ქედის მუნიციპალიტეტში შექმნილი საწარმო, რომელიც ენერგოეფექტუrია, აღჭურვილია მწვანე ტექნოლოგიებითა და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, ორიენტირებულია შექმნას არა მხოლოდ მაღალი ხარისხის ხის სათამაშოები და ავეჯი, არამედ სამუშაო ადგილებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ქალებისა და სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის. ასევე, კომპანიის თბილისის ფილიალში დასაქმებულები არიან ორგანიზაციის „ცხოვრების შანსი“ ბენეფიციარი მოზარდები. გოგორას წარმოების პროცესი ეფუძნება საერთო ღირებულებებს, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების და ტრადიციული ქართული კულტურის პატივისცემას. კომპანიის დიზაინის მიდგომა შთაგონებულია ქართული ეთნოგრაფიული თემებითა და ხის დამუშავების ტრადიციებით, რომლებიც შერწყმულია თანამედროვე დიზაინის პრინციპებთან ინოვაციური, მიმზიდველი და უსაფრთხო პროდუქციის შესაქმნელად. კომპანიის მისიაა უფრესების მხარდაჭერა ბავშვებთა აღზრდის საქმეში, დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობით იქმნება საინფორმაცია-საგანმანათლებლო რესურსებები სათამაშოების უსაფრთხოების, პროდუქტების დანიშნულებისა და პოზიტიური აღზრდის შესახებ.

გოგორა მოწოდებულია მოახდინოს პოზიტიური გავლენა ადგილობრივ საზოგადოებაზე დასაქმების შესაძლებლობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული სამუშაო გარემოს მიწოდებით. კომპანია ასევე მხარს უჭერს სათამაშოების დამზადების ტრადიციულ ქართულ ინდუსტრიას კლასიკური სათამაშოების თანამედროვე ვერსიების შექმნით და ადგილობრივი ოსტატების მუშაობის პოპულარიზაციის გზით.

AppUp-თან საუბარისას გოგორას დამფუძნებელმა ნინო რაზმაძემ, კომპანიის დაარსების იდეის შესახებ მოგვიყვა და მასთან დაკავშირებული საინტერესო დეტალები გაგვაცნო:

“ჩემი მთავარი ინსპირაცია მაღალმთიანი აჭარა და იქ მცხოვრები საოცარი ადამიანები არიან. პროფესიული ინტერესიდან გამომდინარე, 2009 წლიდან სხვადასხვა ტიპის ფოლკლორულ პროექტებს ვახორციელებ იქ. შესაბამისად, ძალიან აქტიური შეხება მაქვს ტრადიციული კულტურის მატარებელ ადგილობრივებთან. ასე მივედი იდეამდე შემექმნა ქართული ფოლკ სათამაშოები. პარალელურად დავიწყე ფიქრი მონტესორის, ვალდორფის, პიკლერის და სხვა ბავშვთა აღზრდის ჰუმანური მეთოდისტების პრინციპებთან თავსებადი ავეჯის შექმნაზე. სათამაშოებისაგან განსხვავებით, ამ მიმართულებით, ადგილობრივი ევროპული ხარისხის პროდუქტის წარმოების გამოცდილება ნაკლებია. გოგორას ფოლკ სათამაშოებს და მონტესორის ავეჯს ერთი საფუძველი აქვთ – ორივე ხაზი Open-ended play-ს პრინციპებს ეფუძნება.”

რა გამოწვევები გადალახეთ კომპანიის დაფუძნებისას და რა ასპექტებმა შეგიწყოთ ხელი?

მე ამ ურთულეს სფეროში კიდევ უფრო რთული გზა ავირჩიე. ამ საქმეს 360 გრადუსით შევხედე, რომელშიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტი, არამედ – წარმოების პროცესი, სოციალური პასუხისმგებლობა, ეკოლოგია. ზოგადად, ჩვენი კონცეფციის ცენტრშია ადამიანი და ბუნება. ამ „გამოცდას“ ყოველდღიურ რეჟიმში ვაბარებთ.

გამოწვევებს რაც შეეხება, ეს ყველაფერი 0 ლარით დავიწყე და დღეისათვის ინვესტიციის მოცულობა, დაახლოებით, 450 000 ლარამდეა, რაც სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით შევძელით. ჩემს სამუშაო ფოლდერში 11000-მდე ფაილია. რამდენიმე წინადადებით რთულია გადმოვცე გამოწვევები. თქვენ შეგიძლიათ დამისახელოთ რომელიმე მიმართულება, და მე იმ მიმართულებაში გამოწვევაზე რამდენიმე საათი ვილაპარაკებ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი მარტივი არ არის და ვერც მარტო გახვალ ფონს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ Gogora-ს პროტოტიპების ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა უსაფრთხო და გამძლე ხის სათამაშოებს, როგორიცაა ხევსურული პიქტოგრამებისა და კავთისხევის უძველესი საბეჭდავის ბალანს ფიგურები, აჭარული ტრადიციული დიზაინის სამზარეულოს სათამაშო ჭურჭელი, ცხოველებისა და ფრინველების ფიგურები აჭარული ნაქარგობიდან, ცხოველების ფიგურები სვანური მაჩუბებიდან და სხვ. ასევე, მონტესორისა და პიკლერის საბავშვო ავეჯი, კუბი სკამი, საცოცი სამკუთხედი, სამზარეულოს დამხმარე კოშკი. პროდუქტებზე ქართველ ილუსტრატორებთან ერთად მუშაობენ, ხოლო პროტოტიპების დამზადება ხდება სოციალურ საწარმოში „დადარი“. ნედლეულად გამოყენებულია უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალები და ლაქ-საღებავები. 

ნინოს თქმით, ადგილობრივი მომხმარებლების მომსახურეობის გარდა, Gogora ასევე ღიაა თანამშრომლობითი პროექტებისთვის სხვა კომპანიებთან და ორგანიზაციებთან, რომლებიც იზიარებენ მის ღირებულებებს და ერთგულებას მდგრადობისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი. გოგორას აქვს პოტენციალი ასევე დადებითი გავლენა მოვახდინოს გარემოსა და საზოგადოებაზე. ამ ტიპის ბიზნესის შექმნა კი ევროპული ღირებულებების გარეშე წარმოუდგენელია.

რამდენად რთულია თქვენი პროდუქციის დასამზადებელი მასალის შეძენა და შემდგომში უკვე პროდუქტიის რეალიზაცია საქართველოში?

როდესაც წარმოებაში ნედლეული ყველაზე დიდი პრობლემაა – შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამდენად რთულად არის საქმე. მაგალითად, თუ რომელიმე ევროპის ქვეყანაში სპეციალურ მაღაზიაში ვერ შეიძენთ არასერტიფიცირებულ ნედლეულს (ხეს, ფანერას, ჭანჭიკს, ზუმფარას) საქართველოში პირიქითაა – რთულად ან  საერთოდ ვერ მოიძიებთ სერტიფიცირებულ ნედლეულს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ ნედლეულის პრობლემა მსოფლიო პრობლემა გახდა. FSC-მ გაუუქმა სერტიფიცირება რუსეთსა და ბელორუსიას. ეს დიდი გამოწვევაა მსოფლიოსთვის, რადგან არყის ხის ფანერის უდიდესი ნაწილი სწორედ რუსული ხით მზადდებოდა. რაც შეეხება ხეს, საქართველოში არ გვაქვს არცერთი სერტიფიცირებული ხე. დავაზუსტებ, რომ ეს სერტიფიცირება არ არის ხარისხთან კავშირში, ეს ნიშნავს, რომ ხე მოჭრილია მდგრადი მართვის პრინციპებით მართულ ტყეში.

რა მომავლის ხედვები აქვს გოგორას?

მას შემდეგ, რაც საწარმოები ტექნიკურად მეტ-ნაკლებად აღიჭურვა, მთავარი გამოწვევაა წარმოების პროცესის სწორად დალაგება, მაქსიმალური წარმადობის მიღწევა, პროდუქტების დიზაინის საბოლოო ვერსიების შექმნა და მათი სერტიფიცირება. არც აქ ვართ მარტო. ISO სტანდარტები, ევროპული რეგულაციები და ამ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა დაგვეხმარება მოკლე დროში მივაღწიოთ სასურველ შედეგს. ექსპორტი თავიდანვე იყო და რჩება ერთ-ერთ მთავარ მიზნად. „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულებით უდიდეს მხარდაჭერას უცხადებს ქართულ წარმოებას. ფაქტობრივად, ყველა არსებული შესაძლებლობით ვისარგებლეთ.

ნედლეულის მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები. ნედლეულის პრობლემის კვლევისას გავეცანი სწრაფად მზარდი ხეების არაჩვეულებრივ სახეობებს. მათგან, საქართველოში უკვე შესაძლებელია პავლოვნიას ჯიშით სარგებლობა. იგი აქტიურად გამოიყენება იაპონიაში სათამაშოებისა და ავეჯის შესაქმნელად; მყარია, თეთრი ფერისაა და ჩვეულებრივ ხესთან შედარებით ბევრად მსუბუქია. დავიწყეთ საკუთარი ტყის შექმნა, რათა საკუთარი ნედლეული გამოვიყენოთ წარმოებაში.

საბოლოო ჯამში გოგორა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია კომპანიას სწორად დაინახოს მდგრადი განვითარების პრინციპები, შეუთავსოს ბიზნეს წარმატება სოციალურ და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას. მდგრადი და სოციალურად პასუხისმგებელი წარმოების ერთგულებით, კომპანიას აქვს პოტენციალი დადებითი გავლენა მოახდინოს გარემოსა და საზოგადოებაზე, ამასთან, უზრუნველყოს მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო ხის სათამაშოებისა და განმავითარებელი ავეჯის მეტი ხელმისაწვდომობა ბავშვებისთვის.

როგორ შეაფასებდით?

0 შეფასება
Upvote Downvote